Evil empire

Thursday, June 3, 2010

ბოროტების იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს



რუსული ანდაზის - "ენდე, მაგრამ შეამოწმე" - წყალობით, რონალდ რეიგანს თავის კარიერაში რამდენიმე დაუვიწყარი მომენტი ჰქონდა. მას ეს ანდაზა საბჭოთა კავშირთან ურთიერთობისას არაერთხელ უხსენებია. 1978 წელს, მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულების მოსკოვში ხელმოწერის დროს კი ორჯერაც (ჯერ - ინგლისურად, შემდეგ - რუსულად) მოიხმო და ამით საბჭოთა ლიდერ მიხაილ გორბაჩოვის უკმაყოფილებაც გამოიწვია.

2009 წლის ივლისში პრეზიდენტმა ობამამ მოსკოვში რამდენიმე დოკუმენტს მოაწერა ხელი და, მოსკოვური და ვაშინგტონური წყაროების მონაცემებით, კრემლისგან იმის დაპირებაც მიიღო, რომ რუსეთის ჯარი საქართველოში მეტად აღარ შეიჭრება. თუმცა ამერიკის პრეზიდენტმა ამის საჯარო ხაზგასმას, ნდობის დიდ მნიშვნელობაზე მინიშნება არჩია. მაგრამ რუსებთან ალბათ, არც ეს ნომერი გავა, რადგანაც რომელი ლიდერიც უნდა იჯდეს კრემლში, მოსკოვი, საბჭოთა კავშირის ყველა ყოფილ რესპუბლიკაში თუ არა, მათ უმეტესობაში აღიარებული გავლენის სფეროებზე უარის თქმას ფიქრადაც კი არასდროს გაივლებს.
სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველო, მოსკოვის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში შარშანდელი ომის შემდეგ განლაგებული რუსი სამხედროებისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. "რესპუბლიკის მოსახლეობისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული, რუსეთის სამხედრო კონტინგენტისთვის საფრთხის შემქმნელი შემდგომი პროვოკაციების შემთხვევაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მათ დასაცავად, ყველა არსებული საშუალების გამოყენების უფლებას იტოვებს", - ნათქვამია რუსეთის სამხედრო უწყების განცხადებაში.

1939 წლის სექტემბერში პოლონეთში გერმანელთა შეჭრა საზღვარზე ორგანიზებული პროვოკაციით დაიწყო. მაშინ ბერლინმაც, გერმანელი ჯარისკაცებისთვის ცეცხლის გახსნაში პოლონელი სამხედროები დაადანაშაულა. ჩეხოსლოვაკიაში მცხოვრები "გერმანელი მოსახლეობის კეთილდღეობაზე" ზრუნვით გამოწვეული ჰიტლერის "წუხილი" კი 1938-1939 წლებში ამ ქვეყნის ოკუპაციის საბაბად იქცა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამერიკელმა ჩინოვნიკებმა საქართველოს თაობაზე რუსეთის ბოლო განცხადების ახსნის თხოვნით, მოსკოვში არაერთხელ დარეკეს. კრემლის განცხადება ნაწილობრივ, "ამერიკული მოხმარებისთვისაც" იყო განკუთვნილი: ის ხომ მას შემდეგ გაკეთდა, რაც ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველო დატოვა, ხოლო ჭალლ შტრეეეტ ჟოურნალ-მა მასთან ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების თემაზე ინტერვიუ გამოაქვეყნა.

ბაიდენის განცხადებამ, - რუსეთი სუსტია და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვისაც იმიტომ არის მზადო, - კრემლი შეურაცხყო. ჯერ თეთრი სახლის პრესმდივნის, რობერტ გიბსონის, შემდეგ კი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის აღთქმა-დარწმუნებების მიუხედავად, მოსკოვმა ბაიდენის განცხადებას ისეთი ტონით უპასუხა, რომ ცხადი გახდა: თუ რუსეთის სახელმწიფო ამას საჭიროდ მიიჩნევს, სრულიად უყოყმანოდ შეუტევს საქართველოს. მოსკოვში ვიზიტის დროს ობამასთვის მიცემული დაპირებების დარღვევა იმის შედეგია, რომ აშშ-მა და ევროპამ კრემლს 2008 წლის აგვისტოს ომი აპატიეს.
კრემლი უბრალოდ, ბაიდენის სიტყვებზე როდი რეაგირებს. შეიძლება, პირადად ვლადიმირ პუტინს ყველაფერი ზედმეტად სწყინდეს, მაგრამ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვები მხოლოდ უმნიშვნელოდ თუ განსხვავდება რუსეთის თემაზე გაკეთებული იმ კომენტარებისგან, რომლებიც ყოველდღიურად ჩნდება მსოფლიოს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში.

რუსეთის განცხადებამ დაგვანახვა, რომ კრემლი უწინდებურადაა შეპყრობილი იდეით, სამხედრო ძალის გამოყენებით ანდა იძულების გზით შეცვალოს საქართველოში არსებული რეჟიმი. რუსების ერთგვარად, დაბნეული ქცევა კი ეკონომიკური პრობლემებით უფრო აიხსნება, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი ვლადიმირ პუტინის პირადი მტრობით.

ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და გაზსადენ "ნაბუკოს" მშენებლობის გეგმა, რომლებიც სულ უფრო რეალისტურად გამოიყურება, საფრთხეს უქმნის ევროპაში გაზის მიწოდების მოსკოვურ მონოპოლიას. გარდა ამისა, ეს არსებითად შეამცირებს კრემლის მიერ ევროპული ქვეყნებისთვის საკუთარი პოლიტიკის კარნახის შესაძლებლობასაც.

რუსეთი ბაიდენის მიერ მონახულებული კიდევ ერთი ქვეყნის - უკრაინის მიმართაც ანალოგიურ ტაქტიკას მიმართავს. თუმცა უკრაინის შემთხვევაში, ძალისმიერი ვარიანტი უფრო ნაკლებსავარაუდოა. ამ ქვეყანასთან დაკავშირებით, კრემლი პოლიტიკური იძულების მეთოდს არჩევს და მთელ რიგ უკრაინელ პოლიტიკოსებს იმასაც გამუდმებით ჰპირდება, რომ "ნათელ" ფინანსურ მომავალსა და გაზის ტრანზიტისთვის ისეთ ენერგეტიკულ ომებს, რომლებსაც 2007 და 2008 წლებში ჰქონდა ადგილი, კვლავაც არ მოაკლებს... Aაშშ-ისა და ევროპის თავშეკავებული რეაქციის გამო კი უკრაინისთვის ბრძოლის შედეგის განჭვრეტა სულ უფრო რთულდება. იგივე ითქმის ევროპის ბოლო დიქტატურაში - ბელორუსიაში შექმნილ სიტუაციაზეც, რომელიც ახლა დასავლეთის წინაშე საუკეთესო კუთხით წარდგომას ცდილობს.

კრემლისთვის დაპირისპირების კიდევ ერთი არენა - შუა აზიაა, რომლის წინა ხაზზეც ამჟამად თურქმენეთი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ერთ-ერთ მილსადენს ჩინეთშიც აშენებს, "ნაბუკოსთან" მიერთების მისმა გადაწყვეტილებამ მოსკოვს მაინც ფრიად უსიამოვნო განცდები გაუჩინა.
სახელმწიფო კონტროლქვეშ მყოფი და კრემლისთვის ოქროს კვერცხების მდებელი რუსული კომპანია "გაზპრომი", ნავთობსა და გაზზე მაღალი ფასების პერიოდში, რუსეთში გაზის ახალი საბადოების დამუშავებასა და ინვესტიციების ჩადებაზე პრაქტიკულად, არ ზრუნავდა. ამის ნაცვლად, რუსეთის გაზის მონოპოლისტი თურქმენეთთან დადებული, ექსკლუზიური კონტრაქტების საფუძველზე, ამ ქვეყანაში მისთვის ხელსაყრელ ფასად შეძენილ გაზს უკრაინასა და ევროპას ბევრად უფრო ძვირად მიჰყიდდა ხოლმე.

საკუთარი "კალთის" ქვეშ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დაბრუნებაზე კრემლი დღენიადაგ გულმოდგინედ ზრუნავს. მოსკოვისთვის მნიშვნელობა არა აქვს, როგორ ქვეყნებზე (შედარებით დემოკრატიულებსა თუ ავტორიტარულებზე) ავრცელებს საკუთარ გავლენას. სანამ მიიჩნევა, რომ ეს სახელმწიფოები, რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ისინი მის სიაში რჩებიან...

რონალდ რეიგანი აბსოლუტურად მართალი იყო 1983 წლის მარტში, როცა საბჭოთა კავშირს "ბოროტების იმპერია" უწოდა. მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგაც კი ეს სიტყვები მოსკოვის ამჟამინდელ რეჟიმსაც სრულად მიესადაგება. თავისი კომუნისტი წინამორბედების მსგავსად, არც რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას უფიქრია ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაციის ხარჯზე გაძლიერებაზე; მას არც ეფექტური დემოკრატიული სისტემა შეუქმნია და არც ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ნდობის მოპოვებაზე უზრუნია.

ობამას ადმინისტრაცია, რომელსაც რუსეთის სუსტ, აგრესიულ და ნდობის არმქონე ხელისუფლებასთან აქვს საქმე, მუდმივად ფხიზლად უნდა იყოს. მან რუსეთის ხელისუფლების ყოველი ნაბიჯი თუ სვლა იმ კომპეტენტური ჩინოვნიკის გულმოდგინებით უნდა შეაფასოს, რომელსაც პირობით, ვადაზე ადრე გათავისუფლებულთა ზედამხედველობა ევალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას გაუჭირდება პასუხისმგებლობის მოხსნა იმაზე, რომ კრემლს საკუთარი გამხრწნელი გავლენის იქ გავრცელების უფლება მიეცა, სადაც ოდესღაც მისი წინამორბედების (კომუნისტების) პოზიციები მძლავრობდა.

http://www.ambebi.ge/msoplio/9473-borotebis-imperia-sapasukho-dartymas-akhorcielebs.html

No comments:

Post a Comment