Evil empire

Thursday, June 3, 2010

სოლიდარობა

Copy of solidarnosc

ავტორი: ანდრია მერაბიშვილი

თარიღი: ივნისი 2009

80-იან წლებში პოლონეთში მიმდინარე მოვლენებმა უდიდესი გავლენა იქონია დღევანდელი ევროპის ჩამოყალიბებაზე. საბჭოთა ბლოკში შემავალი პოლონეთი წარმოადგენდა საზოგადოებრივი პოლიტიკის საუკეთესო მაგალითს, როდესაც პოლიტიკას ქმნის ხალხი, საზოგადოება და არა „თბილ სავარძლებში“ მსხდომი (ზოგიერთი კი მჯდომი) პარტიული ნომენკლატურა. ეს სტატია მოგითხრობთ იდეის შესახებ, რომელიც გდანსკის პორტში დაიბადა და რომელმაც „ბოროტების იმპერია“ დაამარცხა. ამ იდეას სოლიდარობა ჰქვია.

თავისუფალი ქალაქი დანციგი

გდანსკს მეოცე საუკუნის დასაწყისში გერმანული სახელი, დანციგი, ერქვა. 1920-1939 წლებში ვერსალის ხელშეკრულების მიხედვით დანციგს თავისუფალი ქალაქის სტატუსი მიანიჭეს, რაც გულისხმობდა, რომ ქალაქის ცხოვრებას სხვა სახელმწიფოების მთავრობა კი არ განაგებდა, არამედ ერთა ლიგა. ტერმინი „თავისუფალი ქალაქი“, რომელიც იმხანად საერთაშორისო პოლიტიკურ-სამართლებრივ დატვირთვას ატარებდა, ქალაქის მცხოვრებთათვის ალბათ იდენტურ ნიშნად იქცა და სწორედ ამის გამო, არა მარტო სიმბოლური, ლოგიკურიც კი არის, რომ უზარმაზარი ჩაკეტილი სივრცის, საბჭოთა ბლოკის გათავისუფლება, სწორედ ამ პატარა ზღვისპირა პოლონური ქალაქიდან დაიწყო.

სოლიდარობის მოძრაობის დასაწყისი

გაფიცვები 1980 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველად გდანსკის ლენინის სახელობის ნავსადგურის მუშები გაიფიცნენ. მიზეზები ყოველდღიური საჭიროების ნივთების დეფიციტი და ფასების გაზრდა იყო. ამასთან ერთად, მუშები მოითხოვდნენ დამოუკიდებელი პროფკავშირის შექმნის უფლებას, 1970 წელს გდანსკში მოკლული მუშების სამახსოვრო მონუმენტის აგებასა და მათი ორი თანამშრომლის, ანა ვალენტინოვიჩისა და ლეხ ვალესას სამსახურში აღდგენას. ისინი არაკანონიერი მიწისქვეშა დისიდენტური ორგანიზაციის წევრები იყვნენ გდანსკის ნავსადგურში და სწორედ ამ მიზეზით გაათავისუფლეს სამსახურიდან.

გაფიცვებს გდანსკის ნავსადგურის გათავისუფლბული მუშა, პროფესიით ელექტრიკოსი, ლეხ ვალესა ხელმძღვანელობდა. დაწყებიდან რამდენიმე დღეში საპროტესტო ტალღა გდანსკიდან მთელს პოლონეთში გავრცელდა, მიუხედავად კომუნისტური მთავრობის მცდელობისა, ჩაეხშოთ კომუნიკაციის ყველანაირი საშუალება. გაფიცვების მასშტაბის ზრდასთან ერთად მოთხოვნათა მასშტაბიც გაიზარდა და საერთო ეროვნული ხასიათი მიიღო: მუშები ითხოვდნენ მედიის ცენზურისგან გათავისუფლებას, პოლიტიკური პატიმრების გამოშვებას, გაფიცვის უფლებასა და ეკლესიის უფლებების გაზრდას. პროტესტანტებმა დაიწყეს გაზეთის გამოშვება ნავსადგურის სტამბაში, რომელიც 30,000 ეგზემპლარის ტირაჟით გამოდიოდა.

სექტემბრის დასაწყისში პოლონეთის მთავრობა დათმობაზე წავიდა, რადგან ქვეყნის ეკონომიკა მუშების საყოველთაო გაფიცვის გამო, გაჩერდა. კომუნისტურ მთავრობასა და გაფიცულ მუშებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც გდანსკის შეთანხმების სახელით არის ცნობილი. ამ დოკუმენტით პოლონეთის კომუნისტურმა მთავრობამ დააკამყოფილა მუშათა მოთხოვნები. გდანსკის შეთანხმება იყო სოლიდარობის მოძრაობის პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება და „ბოროტების იმპერიის“ პირველი წაგებული ბრძოლა. 1956 წლის ბუდაპეშტისა და 1968 წლის პრაღის სისხლიანი მოვლენების გათვალისწინებით, გდანსკის შეთანხმება იყო აქამდე უპრეცედენტო შემთხვევა საბჭოთა ბლოკში, როდესაც კომუნისტებმა მოწინააღმდეგე მხარეს დაუთმეს.

შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბდა პირველი დამოუკიდებელი ეროვნული პროფკავშირი, სოლიდარობა, ლეხ ვალესასა და მისი თანამოაზრეების მიერ. სულ რაღაც წელიწადნახევარში, მოძრაობას 10 მილიონი ადამიანი შეუერთდა. ისინი იყვნენ საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები – სტუდენტები, მუშები, ინტელექტუალები. ასეთი მნიშნელოვანი მხარდაჭერით სოლიდარობა პოლიტიკური ფუნქციის მქონე ორგანიზაციად იქცა, რომელიც მშვიდობიანი გაფიცვებისა და საპროტესტო აქციების საშუალებით ცდილობდა კომუნისტური მთავრობის პოლიტიკისა და რეჟიმის მკაცრი პირობების შეცვლას.

კათოლიკური ეკლესია

1978 წელს, პოლონელი მღვდელი, კრაკოვის ეპისკოპოსი კაროლ ვოიტილა, რომელსაც მთელი მსფოლიო იოანე პავლე მეორისსახელით იცნობს, რომის პაპი გახდა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა პოლონელებისთვის, რადგან მთელი მსოფლიოს კათოლიკური სამყაროს წინამძღვარი მათი ქვეყნიდან აირჩიეს. 1979 წელს, იოანე პავლე მეორე პოლონეთში ჩავიდა, სადაც თანამემამულეებს მოუწოდა, დაეცვათ მათი ეროვნული და რელიგიური ტრადიციები, ადამიანის უფლებები და თავისუფლება. პოლონელებისთვის ის გახდა სულიერი და მორალური ძალის სიმბოლო, რომელიც აღემატებოდა კომუნისტური პარტიის ძლიერებას.იოანე პავლე მეორემ თავისი ვიზიტით პოლონეთში, მნიშვნელოვნად შეცვალა პოლიტიკური იდეოლოგია თანამემამულეებში, რამაც საფუძველი ჩაუყარა სოლიდარობას.

კათოლიკური ეკლესია, პოლონეთში და მის გარეთ, თავისუფლებისთვის მებრძოლი სოლიდარობის იდეის უდიდესი მხარდამჭერი აღმოჩნდა არამარტო საწყის ეტაპზე, არამედ ყველაზე რთულ პერიოდში. სწორედ ეკლესიამ ითამაშა მნიშნელოვანი როლი მოძრაობის შენარჩუნებაში მას შემდეგ, რაც 1981 წლის დეკემბრიდან, მოსკოვის დირექტივითა და მხარდაჭერით, გენერალმა ვოიცეკ იარუზელსკიმდა მისმა მთავრობამ სოლიდარობა და მისი წევრები კანონგარეშედ გამოაცხადა, ათასობით ადამიანი და მათ შორის, მოძრაობის ლიდერი ლეხ ვალესა, დაიჭირა, ქვეყანაში ცენზურა დააწესა, ქუჩები სამხედროებით გაავსო და ძალისმიერად ჩაახშო სოლიდარობის ყველა საპროტესტო აქცია. ასეთ პერიოდში, ხალხის ერთობას მეტად უწყობდა ხელს კათოლიკე მღვდლების წირვები. ერთ-ერთი ასეთი მღვდელი იერჟი პოპიელუსკო იყო, რომელიც სოლიდარობის წევრებთან თანამშრომლობაში მხილების გამო კომუნისტებმა მოკლეს.

საერთაშორისო მხარდაჭერა

კათოლიკური ეკლესიის გარდა, სოლიდარობის მოძრაობას მნიშნელოვან მხარდაჭერას დასავლელი პოლიტიკოსები, რონალდ რეიგანი და მარგარეტ ტეტჩერი, უცხადებდნენ, რაც პოლონელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარებებითა და პოლონეთის მთავრობაზე სხვადასხვა სანქციების დაწესებითაც გამოიხატა. ცნობილია რომ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოც მატერიალურად ეხმარებოდა „მიწისქვეშა“ სოლიდარობას. ასეთი მხარდაჭერით, სოლიდარობამ შეძლო, რომ საბჭოთა რეჟიმის მკაცრ პირობებში გაეგრძელებინა თავისი მიზნისთვის, თავისუფლებისთვის, ბრძოლა. არალეგალურად, მოძრაობის წევრებმა შეძლეს, რომ დაეარსებინათ რადიო „სოლიდარობა“ და სხვა მრავალი ბეჭდვითი მედია-საშუალება, რაც პოლონელებს შორის ინფორმაციის გავრცელებასა და სოლიდარობის იდეის შენარჩუნებას უწყობდა ხელს.

სოლიდარობის მეორე ისტორიული გამარჯვება იყო 1982 წელს ლეხ ვალესას პატიმრობიდან გათავისუფლება და 1983 წელს მისი დაჯილდოება ნობელის პრემიით, რომელიც ამ უბრალო გდანსკელმა ელექტრიკოსმა მშვიდობის დარგში დაიმსახურა. კომუნისტურმა მთავრობამ არ მისცა ვალესას ქვეყნის დატოვების უფლება პრემიის მისაღებად, მაგრამ თუ კი ის მაინც შეძლებდა პოლონეთის დატოვებას, ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა სამშობლოში. ამიტომ, ვალესამ უარი თქვა ჯილდოს მისაღებად საზღვარგარეთ გამგზავრებაზე.

დასასრულის დასაწყისი

1985 წელს, საბჭოთა კავშირის მთავრობაში მიხეილ გორბაჩოვის მოსვლასთან ერთად დაიწყო პერესტროიკა, კომუნისტური რეჟიმის ლიბერალიზაცია. ამას მოჰყვა უამრავი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება პოლონეთში. მიუხედავად ამისა, მთავრობის მხრიდან კვლავ მიმდინარეობდა სოლიდარობის წევრების დევნა და მათზე ზეწოლა.

1988 წელს, დაწესებულმა სანქციებმა და საბჭოთა ბლოკში დაწყებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა, პოლონეთში უდიდესი ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. საკვები პროდუქტების ფასი 40%-ით გაიზარდა, რასაც გაფიცვებისა და აქციების ახალი ტალღა მოჰყვა. მთელი პოლონეთი მოიცვა საპროტესტო აქციებმა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. კომუნისტური მთავრობა დათანხმდა სოლიდარობის მოძრაობასთან თანამშრომლობასა და დიალოგზე (თუ გნებავთ, დяლოგზე). სოლიდარობის წევრთა მცირე ნაწილს არ სურდა მოლაპარაკებების გამართვა, რადგან მათ საუკეთესო გამოსავლად ანტიკომუნისტური რევოლუცია ესახებოდათ. ლეხ ვალესა და მისი თანამოაზრეები, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ, არ დაეთანხმნენ რევოლუციის მოსაზრებას და მშვიდობიანი გზებით არჩიეს საბოლოო მიზნისთვის ბრძოლა.

1989 წლის 6 თებერვლიდან 4 აპრილამდე გაიმართა მოლაპარაკებები მთავრობასა და სოლიდარობის ასი წევრისგან შემდგარ მოქალაქეთა კომიტეტს (Komitet Obywatelski) შორის, რომელიც „პოლონური მრგვალი მაგიდის“ სახელით არის ცნობილი. ამ მოვლენამ საბოლოოდ შეცვალა პოლონეთი. მოლაპარაკებების შედეგად, სოლიდარობა კვლავ კანონიერ ორგანიზაციად გამოცხადდა და უფლება მიიღო საპარლამენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. თუმცა, პოლონეთის სეიმში მას მხოლოდ ადგილების 35%-სთვის შეეძლო ებრძოლა, ხოლო სენატში კი ამგვარი შეზღუდვა არ არსებობდა. არჩევნებში სოლიდარობამ არნახულ წარმატებას მიაღწია: სეიმში ყველა შესაძლებელი ადგილი დაიკავა, ხოლო სენატში 100 მანდატიდან 99 მოიპოვა. მიუხედავად ასეთი მრავალრიცხვოვანი წარმომადგენლობისა, შეთანხმების მიხედვით, პრეზიდენტად კვლავ კომუნისტი ვოიცეკ იარუზელსკი აირჩიეს. პრემიერ-მინისტრის პოსტზე კი სოლიდარობის წარმომადგენელი ტადეუშ მაზოვიეცკი დაინიშნა. ის გახდა პირველი არაკომუნისტი პრემიერ-მინისტრი პოლონეთში 1945 წლის შემდეგ, ხოლო მთლიან აღმოსავლეთ ევროპაში – ბოლო 40 წლის მანძილზე.

სოლიდარობის წარმომადგენლობით დაკომპლექტდა პოლონეთის მთლიანი მთავრობა, სადაც ერთადერთი კომუნისტი თავად პრეზიდენტი იარუზელსკი დარჩა, რომელიც 1990 წელს არჩევნებში გამარჯვებით, ლეხ ვალესამ შეცვალა. ამით ლეხ ვალესა გახდა დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული პირველი პრეზიდენტი პოლონეთში. ეს იყო კომუნიზმის სრული მარცხი, რასაც სულ მალე მოყვა ჯაჭვური რეაქცია აღმოსავლეთ ევროპის სხვა კომუნისტურ ქვეყნებში: 1989 წლის ნოემბერში დაანგრიეს ბერლინის კედელი, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიმართა ცოცხალი ჯაჭვის საპროტესტო აქცია. 1991 წლის 25 დეკემბერს, კათოლიკური შობის დღეს, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ოფიციალურად დაიშალა. „ბოროტების იმპერიამ“ არსებობა შეწყვიტა. ეს იყო სოლიდარობის მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი და საბოლოო გამარჯვება.

სოლიდარობის მნიშნელობა

„რაც დრო გადის, უფრო და უფრო ნათელი ხდება, თუ რა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სოლიდარობა“ – აცხადებს ლეხ ვალესა BBC-სთან ინტერვიუში. “ევროკავშირი ვერ გაფათოვდებოდა, გერმანიის გაერთიანება არ იქნებოდა შესაძლებელი. და ვერც სხვა ქვეყნები მიიღებდნენ თავიანთ კუთვნილ თავისუფლებას, პოლონელებს რომ არ გაეტეხათ საბჭოთა დათვისთვის კბილები. ხოლო როდესაც სხვა ქვეყნებმა თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს, დათვს უკვე აღარ შეეძლო მათთვის ეკბინა. ჩვენ დასავლეთს უდიდესი საჩუქარი გავუკეთეთ. მათ აღარ ჭირდებათ ცივი ომის იარაღი“.

უდიდესი და უძლიერესი საბჭოთა იმპერია მთელი თავისი მასობრივი განადგურების იარაღებითა და კოსმოსური რაკეტებით პატარა, ზღვისპირა ქალაქში გაჩენილმა იდეამ და თავისუფლებისმოყვარე მცირერიცხოვანმა ერმა დაამარცხა. „მათ შეეძლოთ მოვეკალით, მაგრამ ისინი ჩვენ ვერ დაგვამარცხებდნენ“ – ამბობს ლეხ ვალესა.

No comments:

Post a Comment